დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოსკოვისთვის „წითელი ხაზი“ იქნება
რუსეთის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი რადიო „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოსკოვისთვის „წითელი ხაზი“ იქნება.
ამასთან, მან შეშფოთება გამოთქვა კიევისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემის საკითხზე. დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი ყურადღებით დააკვირდება უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციას.
გარდა ამისა, პესკოვის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება მოლაპარაკებები შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების შესახებ შეთანხმებაზე, რაც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტისგან მკაფიო თანხმობას ან უარს ელის. ჯო ბაიდენის თქმით, ნატო-ში გაწევრიანებამდე, უკრაინას კორუფციის აღმოფხვრა და სხვადასხვა კრიტერიუმის გაუმჯობესება ესაჭიროება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხს გაკვრით შეეხნენ და რომ ამ საკითხზე განსახილველი არაფერია.