დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს ნებისმიერ კომუნიკაციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის პრობლემის მოგვარებას
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს ნებისმიერ კომუნიკაციას, რომელიც მიზნად ისახავს „უკრაინის პრობლემის“ მოგვარებას.
„ჩვენთვის ფრაზა „უკრაინული პრობლემა“ სავსებით გასაგებია. ეს არ ჩამოყალიბებულა ერთი წლის წინ, არამედ მრავალი ათწლეულია, რაც ეს ხდება. ეს დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მომავალში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან, ეს დაკავშირებულია ჩვენს საზღვრებთან პოტენციური ანტირუსული ცენტრის არსებობასთან, რომელიც ყოველმხრივ საზრდოობდა საზღვარგარეთიდან. ეს დაკავშირებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინსვლასთან, სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ჩვენი საზღვრებისკენ“, – განაცხადა პესკოვმა.
პრესსპიკერის თქმით, „ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია სხვადასხვა გზით, ამიტომ ნებისმიერ შესაძლო იდეას, რომელიც მიმართულია ამ პრობლემის გადაჭრასა და კონფლიქტის დასრულებაზე, პუტინი მხარს უჭერს“. პესკოვის განცხადებით, „პუტინი უძღვება ამ საუბრებს და მიესალმება აფრიკელ ლიდერებთან სამომავლო კონტაქტებს“.
ამასთან, როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, პუტინის აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დოკუმენტებზე ხელის მოწერა არ იგეგმება.
შეგახსენებთ, 17 ივნისს სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტსა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებს შორის გაიმართება შეხვედრა, რომელზეც საუბარი იქნება უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებზე.