დიმიტრი პესკოვი - უკრაინის მხრიდან „შტაინმაიერის ფორმულის“ დადასტურება პოზიტიური ფაქტია
დიმიტრი პესკოვი - უკრაინის მხრიდან „შტაინმაიერის ფორმულის“ დადასტურება პოზიტიური ფაქტია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის მხრიდან ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის ხელმოწერა პოზიტიური ნაბიჯი იყო.

„თავად „შტაინმაიერის ფორმულის“ დადასტურება, რომელიც ნორმანდიული ოთხეულის მონაწილეების მიერ იყო მიღებული, პოზიტიური ფაქტია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ნაბიჯია მინსკის შეთანხმების რეალიზიციისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პესკოვის თქმით, კრემლში იმედი აქვთ, რომ ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.

ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა დონბასში არჩევნების ჩატარებასა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

პირველ ოქტომბერს მინსკში გამართული, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელმა, ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების ყველა მონაწილე „შტაინმაიერის ფორმულას“ დათანხმდა. როგორც გრიზლოვმა განაცხადა, „აღნიშნული ფორმულით განისაზღვრება, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების კონკრეტულ რაიონებში „განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის გავრცელების სამოქმედო გეგმა.“

მინსკში შეხვედრის შემდეგ, ეუთო-ს წარმომადგენელმა მარტინ საიდიკმა გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინა „შტაინმაიერის ფორმულას“ დაეთანხმა. კიევში ამ ინფორმაციას უარყოფენ. უკრაინის მთავრობაში აცხადებენ,  რომ შესაბამის საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.