დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, ეს ტრაგედიაა
უკრაინაში რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, ეს ტრაგედიაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, „სპეცოპერაცია უკრაინაში დასახულ მიზნებს უახლოეს დღეებში მიაღწევს“.
პესკოვმა „სქაი ნიუსის“ ეთერში ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შესახებ ინფორმაციას „სიყალბე“ უწოდა. მისივე თქმით, ბუჩადან გავრცელებული კადრები ინსცენირებული იყო.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა არ უპასუხა კითხვას, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „უკრაინაში ომი არ არის და რუსეთის სპეციალური ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო, რადგან 2014 წლიდან უკრაინა ანტირუსულ ცენტრად გადაიქცა“.
პესკოვი ასევე ამტკიცებს, რომ კიევიდან და ჩერნიგოვის ოლქიდან გასვლა კრემლის მხრიდან კეთილი ნების ჟესტი იყო.
ამავდროულად, პესკოვმა თქვა, რომ „რუსეთი მარიუპოლს ადრე თუ გვიან გაათავისუფლებს ნაციონალისტური ბატალიონებისგან“. მისივე თქმით, მარიუპოლი არის ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი.