დიმიტრი პესკოვი - უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა
უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ცნობილი იყო თუ არა რუსეთისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ფარულად მისცა, პესკოვმა უპასუხა, რომ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ მათ არ იცოდნენ.
„არა, ჩვენთვის არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ. რაც ვიცით, არის ის, რომ, ზოგადად, უკრაინას უკვე აქვს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული იარაღით დარტყმის მცდელობები. ეს ჩვენთვის საკმარისია და ეს ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩართული კონფლიქტში“, – აღნიშნა პესკოვმა.