დიმიტრი პესკოვი - თურქული სამყაროს ცენტრი არის არა თურქეთში, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ალთაიში
თურქული სამყაროს ცენტრი არის არა თურქეთში, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ალთაიში – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ, „რასია-1“-თან ინტერვიუში განაცხადა.
კრემლის პრეესპიკერმა წუხილი გამოთქვა, რომ თურქული სამყაროს რუკაზე, რომელიც თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის“ ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აჩუქა, წითელი ვარსკვლავით აღნიშნული არ არის, რომ მისი ცენტრი არა თურქეთში, არამედ რუსეთის ალთაის მხარეშია.
„ჩვენი თურქი პარტნიორები თურქული ერთობის იდეას ავითარებენ. ეს ნორმალურია. მე, ერთადერთი რაზეც ვწუხვარ, რომ რუკაზე ჯერ კიდევ არ არის დიდი წითელი ვარსკვლავი თურქული სამყაროს ცენტრში. ეს არის წმინდა ადგილი ნებისმიერი თურქისთვის, საიდანაც ისინი წამოვიდნენ. ამას ვამბობ, როგორც თურქოლოგი“, – განაცხადა პესკოვმა.
რუკაზე ყველა მოხატული ადგილი დაყოფილია სამ ფერად. წითლად მონიშნულია თურქეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ნარინჯისფრად მონიშნულია ბალკანეთის ნახევარკუნძულის ზოგიერთი ქვეყანა, ირანის ნაწილი, რუსეთის სამხრეთ რეგიონები, ასევე ციმბირის უმეტესი ნაწილი და მონღოლეთის დასავლეთი ნაწილი. ყვითლად მონიშნულია ჩინეთის ალთაი, იაკუტია და სინძიან-უიღურის ავტონომიური რეგიონი. რას ნიშნავს ეს ფერები თურქული მხარის პუბლიკაციაში არ არის დაკონკრეტებული.