დიმიტრი პესკოვი - ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლება დაკავშირებულია მაკრონის განცხადებებთან, ასევე ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების განზრახვასთან, გაგზავნონ სამხედროები უკრაინაში
ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაგეგმილი სწავლება დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებთან, ასევე ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების განზრახვასთან, გაგზავნონ სამხედროები უკრაინაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„თუ მკითხავთ, დასავლეთის რომელ წარმომადგენელთა რომელ განცხადებებზეა საუბარი, ცხადია, საუბარია ბატონი მაკრონისა და ბრიტანეთის წარმომადგენელთა განცხადებებზე. მათ დაემატათ აშშ-ის სენატის წარმომადგენლებიც, რომლებიც, თუ არ ვცდები, საუბრობდნენ მზაობაზე და შეიარაღებული კონტიგენტის უკრაინაში გაგზავნის განზრახვაზეც კი“, – აღნიშნა პესკოვმა.
უკრაინაში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით საუბრისას პესკოვი ამბობს: „ეს დაძაბულობის ესკალაციის სრულიად ახალი ეტაპია, ის უპრეცედენტოა და, რა თქმა უნდა, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზომებს“.
რუსეთის პრეზიდენტმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა.