დიმიტრი პესკოვი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერების გაცემას აბსურდულს უწოდებს
კრემლში ჰააგის სასამართლოს მიერ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერების გაცემას აბსურდულს უწოდებენ.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ეს ორდერები საკმაოდ აბსურდულად მიგვაჩნია, როგორც წინა ორი ორდერი, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოს ლიდერსა და ჩვენს ბავშვთა ომბუდსმენს“, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მის მიერ გაცემულ ორდერებს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 25 ივნისს რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივნის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა.
2023 წელს ჰააგის სასამართლომ, ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.