დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს მიმართა - ვკითხოთ ჩემს კოლეგებს ევროპაში, პრესმდივნებს, პირველ რიგში, ვაშინგტონში, რატომ კლავენ მათი მთავრობები რუს ბავშვებს?
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დაღესტანსა და ყირიმში მომხდარ თავდასხმებს ეხმაურება.
პესკოვის თქმით, ძალიან კარგად იციან, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
„არსებობენ საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც თავიანთ საქმეს გააკეთებენ და შემდეგ შევძლებთ გარკვეული დასკვნების გამოტანას, არის თუ არა ეს თავდასხმების ერთი სერია. ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, ყირიმზე სრულიად ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმას. მშვენივრად გვესმის, ვინ დგას ამის უკან. ჯერ კიდევ გასულ კვირას პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ვინ უმიზნებს ამ ტექნოლოგიურად დახვეწილ რაკეტებს, რომ ეს არ არიან უკრაინელები, ვინ უზრუნველყოფს რაკეტების გაშვებებს და ასე შემდეგ. ყველაფერი გასაგებია. ალბათ შეგვიძლია, მოგმართოთ, როგორც მედიის წარმომადგენლებს, უბრალოდ, ვკითხოთ ჩემს კოლეგებს ევროპაში, პირველ რიგში, ვაშინგტონში, პრესმდივნებს, რატომ კლავენ მათი მთავრობები რუს ბავშვებს? უბრალოდ, დაუსვით მათ ეს მარტივი შეკითხვა“, – განაცხადა პესკოვმა.
ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სევასტოპოლში უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსული მედიის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა.
ამასთან, დაღესტანში უცნობმა პირებმა სინაგოგისა და ეკლესიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 15-მდე სამართალდამცველი დაიღუპა, ასევე დაღუპული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სასულიერო პირი.