დიმიტრი პესკოვი - რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ინფრასტრუქტურის ექსპანსია კონტინენტზე სტაბილურობას ხელს უშლის
მოსკოვი მზად არის, ნატო-ს ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე რეაგირება მოახდინოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. კრემლი ასე გამოეხმაურა ვარშავის ინიციატივას, რომლითაც პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბაზის განლაგებას ითხოვს.
„მთლიანობაში, ნატო-ს ინფრასტრუქტურის ექსპანსია ჩვენი საზღვრების მიმართულებით, არანაირად არ უწყობს ხელს კონტინენტზე უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ეს ქმედებები, რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს, რაც დარღვეული პარიტეტის დაბალანსებას გულისხმობს“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, ამერიკული სამხედრო ბაზის პოლონეთში დისლოცირება პოლონეთის სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა ამის შედეგები კონტინენტის უსაფრთხოებაზე თვალსაჩინოდ აისახება.
შეგახსენებთ, მანამდე პოლონურმა გამოცემა Onet-მა გაავრცელა ცნობა, რომ ვარშავა თხოვნით მიმართავს აშშ-ს, პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდეს. შეთავაზებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი მზადაა სამხედრო ობიექტის განთავსებისთვის 2 მილიარდი დოლარი გამოყოს.