დიმიტრი პესკოვი - ბაიდენისა და ტრამპის დებატების საყურებლად პუტინს მაღვიძარა არ დაუყენებია
პუტინს ბაიდენისა და ტრამპის დებატების საყურებლად მაღვიძარა არ დაუყენებია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გამთენიისას არ გაუღვიძია, რომ ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატებისთვის ეყურებინა.
მისივე თქმით, რუსეთში აშშ-ის შიდა პოლიტიკაზე კომენტარს არ გააკეთებენ, რადგან ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები.
„არ მგონია, ელოდებოდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო, მაღვიძარა დაეყენებინა, გაეღვიძა გამთენიისას და შეერთებული შტატების დებატებისთვის ეყურებინა. ბევრი საკითხი გვაქვს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის არის აქტუალური. ეს ის საკითხებია, რომლებითაც ჩვენი პრეზიდენტი არის დაკავებული. აშშ-ში დებატები ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხი არ არის“, – განაცხადა პესკოვმა.