დიმიტრი პესკოვი - ოლაფ შოლცს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის თხოვნით არ მოუმართავს
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვის თხოვნით არ მოუმართავს. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მანამდე, გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი სურს.
პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინს შოლცთან კონტაქტები 2022 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონია.
ამასთან, როგორც კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს საერთო სასაუბრო თემები ამჟამად არ აქვთ, ხოლო რუსეთისა და გერმანიის ურთიერთობები ფაქტობრივად ნულის ნიშნულზეა.
„როგორც ასეთი, საერთო თემები ზედაპირზე არ არის, ჩვენი ურთიერთობები ფაქტობრივად ნულოვან მდგომარეობაზეა დაყვანილი და ეს ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა“, -უთხრა პესკოვმა მედიას.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ლიდერი ყოველთვის იყო და რჩება ღია დიალოგისთვის.