დიმიტრი პესკოვი - ფაქტობრივად, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია უკრაინიდან პუტინის გასვლის შემდეგ, მაგრამ კრემლი ამისთვის მზად არ არის, ოპერაცია გრძელდება
ჯო ბაიდენმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია უკრაინიდან პუტინის გასვლის შემდეგ, მაგრამ კრემლი ამისთვის მზად არ არის, ოპერაცია გრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის მიზნების მისაღწევად პრეზიდენტი პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის.
პესკოვის განცხადებით, სპეცოპერაციის დაწყებამდე სწორედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ცდილობდა მოლაპარაკებების დაწყებას აშშ-სთან, ნატო-სა და ეუთო-სთან, თუმცა ამ ინიციატივას ორმხრივობა არ მიუღია.
„აშშ ჯერ კიდევ არ ცნობს ახალ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციაში. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ართულებს რაიმე სახის საერთო ნიადაგის, ორმხრივი დისკუსიისთვის შესაძლო ნიადაგის ძიებას“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „სალაპარაკოდ მზად არის“, თუ მას ომის დასრულება სურს. ბაიდენი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი რაციონალური გზა რუსეთის ჯარის უკრაინიდან გაყვანაა.
„მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს. ის ამის გამო ძალიან მძიმე საფასურს იხდის. წარმოუდგენელ სასაკლაოს აწყობს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს, ეს ავადმყოფური საქციელია“, – განაცხადა ბაიდნემა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.