დიმიტრი პესკოვი - ევროპა გაზის საფასურს რუბლებში თუ არ გადაიხდის, ბუნებრივ აირს უფასოდ არ მივაწვდით
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს უფასოდ მიაწოდოს ბუნებრივი აირი ევროპას, თუ ის არ დათანხმდება გაზის საფასურის რუბლებში გადახდას. ამის შესახებ პეკსოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს რუსეთი, თუ ევროპა არ დათანხმდება ბუნებრივი აირის საფასურის რუსეთის ეროვნულ ვალუტაში გადახდას, პესკოვმა, უპასუხა, რომ „ამ საკითხის გადაჭრა მაშინ მოხდება, როდესაც ის დადგება“.
„ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ამის თქმა აბსოლუტური დარწმუნებით არის შესაძლებელი. ჩვენს სიტუაციაში ევროპული ქველმოქმედება ნაკლებად შესაძლებელია და არც მიზანშეწონილია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და „გაზპრომს“ დაავალა, 31 მარტამდე მოამზადონ ანგარიში, რომლის მიხედვითაც ე.წ. არამეგობრული ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების სავალუტო გადახდის სისტემა შეიცვლება.
გასულ კვირას პუტინმა თქვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ბუნებრივი აირის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსული ეროვნული ვალუტით ანგარიშწორება გამორიცხეს, რადგან კონტრაქტი ამას არ ითვალისწინებს.