დიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის სავარაუდო უკრაინულმა კავშირმა აჩვენა, რომ „ცეცხლთან თამაშს“ შედეგები მოჰყვება
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის სავარაუდო უკრაინულმა კავშირმა აჩვენა, რომ „ცეცხლთან თამაშს“ შედეგები მოჰყვება, – ასე გამოეხმაურა კრემლი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციას, რომელიც მოდის შეერთებული შტატებიდან და ვხედავთ, რამდენად დაძაბულია სიტუაცია, მათ შორის, პოლიტიკურ კონკურენტებს შორის. პოლიტიკური ბრძოლა მწვავდება და სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ არასოდეს ჩავრეულვართ და არც ჩავერევით აშშ-ის არჩევნებში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის, 58 წლის რაიან უესლი რუთის უკრაინასთან შესაძლო კავშირების შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში დღეს გავრცელდა. უკრაინის საერთაშორისო ლეგიონმა კი უარყო ინფორმაცია, თითქოს რაიან უესლი რუთი მებრძოლების რეკრუტირებაში მოხალისედ იყო ჩართული.