დიმიტრი პესკოვი - „დიდი შვიდეულის“ განზრახვა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მცდარი და საშიშია, რადგან ამ გზით რუსეთის უსაფრთხოებას ხელყოფენ
„დიდი შვიდეულის“ განზრახვა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მცდარი და საშიშია, რადგან ამ გზით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ხელყოფენ რუსეთის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან ჩვენ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს. ეს თემა პირდაპირ კავშირშია განცხადებასთან, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები დღეს უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებს და გაახმოვანებენ ამ ფაქტს უკრაინასთან მიმართებით. მიგვაჩნია, რომ ეს უკიდურესად მცდარია და პოტენციურად ძალიან საშიში“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, „უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის მიცემით, ეს ქვეყნები რეალურად უგულებელყოფენ უსაფრთხოების განუყოფლობის საერთაშორისო პრინციპს“.
პესკოვის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გრძელვადიან, საშუალო და თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში უარყოფითი შედეგების მომტანია.
„დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერასა და სხვადასხვა სფეროში უკრაინის მიერ გასატარებელ რეფორმებზეა საუბარი. დეკლარაციაში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ნატო-ს სამიტზე წარადგინეს, აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მიიღებენ ყოვლისმომცველ ზომებს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.