დიმიტრი პესკოვი - ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ სანქციას, მიგვაჩნია, რომ ისინი უკანონოა და იმუშავებს ნაცვალგების პრინციპი
არ არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე, – ასე გამოეხმაურა კრემლი ამერიკული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთისთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთს არ სურს ამერიკასთან ურთიერთობა ლენინის ფორმულით – „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან“. მისივე განმარტებით, სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.
„გასაგებია, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. გაზეთებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებთ კომენტარს. დაველოდებით, თუ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება სანქციებს, აქ არანაირად არ შეიცვლება მიდგომა. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ სანქციას, მიგვაჩნია, რომ ისინი უკანონოა და ნებისმიერ შემთხვევაში იმუშავებს ნაცვალგების პრინციპი“, – განაცხადა პესკოვმა.
რამდენიმე დღის წინ სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.