დიმიტრი პესკოვი - აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით და ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, მაგრამ ვერ შეძლებს მის შეჩერებას ერთ ღამეში
აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით და ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, მაგრამ ვერ შეძლებს მის შეჩერებას ერთ ღამეში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ სავარაუდო ჩარევის მცდელობებზე უსაფუძვლოა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ არ იცის ვლადიმერ პუტინის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა დონალდ ტრამპს გამარჯვებას.
„არ ვიცი, რას გეგმავს პრეზიდენტი პუტინი მილოცვასთან დაკავშირებით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ არამეგობრულ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომში. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა ბატონმა ტრამპმა, ისინი მნიშვნელოვანია, თუმცა ოვალური კაბინეტის დაკავების შემდეგ, შესაძლოა ზოგიერთი მათგანის ტონი შეიცვალოს.
ჩვენ ფრთხილად ვაანალიზებთ ყველაფერს, ვაკვირდებით და დასკვნებს კონკრეტული სიტყვებისა და ნაბიჯების მიხედვით ვაკეთებთ. შეუძლებელია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება, რადგან ისინი ისტორიულ მინიმუმზეა. ყველაფერი ამერიკის მომდევნო ლიდერზეა დამოკიდებული. პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობასა და თანასწორობაზე და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე. ვნახოთ, რა მოხდება იანვარში. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ამერიკას შეუძლია ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას. ეს ერთ ღამეში არ მოხდება, თუმცა რამდენადაც შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც ცეცხლზე ნავთს ასხამს ამ კონფლიქტში და უშუალო მონაწილეობას იღებს, დიახ, მას შეუძლია შეცვალოს მისი საგარეო პოლიტიკის ტრაექტორია“, – განაცხადა პესკოვმა.