დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის გადაწყვეტილება, არ დაუბრუნდეს „ღია ცის შეთანხმებას“ კრემლში მწუხარებას იწვევს
დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის გადაწყვეტილება, არ დაუბრუნდეს „ღია ცის შეთანხმებას“ კრემლში მწუხარებას იწვევს

აშშ-ის გადაწყვეტილება, არ დაუბრუნდეს „ღია ცის შეთანხმებას“ კრემლში მწუხარებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„აქ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მწუხარების გამოხატვა“, -აღნიშნა პესკოვმა აშშ-ის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„შეთანხმება რჩება, თუმცა, რა თქმა უნდა, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობის გარეშე ის ბევრი კუთხით კარგავს თავის სიცოცხლისუნარიანობას“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ დაუბრუნდება. მიმდინარე წლის ბოლომდე შეთანხმებიდან გასვლას რუსეთიც გეგმავს.

„ღია ცის შეთანხმება“ მონაწილე ქვეყნების ავიაციას ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას ანიჭებს. „ღია ცის შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.

აშშ-მა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად გასული წლის ნოემბერში დატოვა. შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში საპასუხო ბრალდებებს აშშ-სა და მის პარტნიორებს უყენებს.