დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება კამალა ჰარისთან დაკავშირებით სერიოზული იყო თუ დამცინავი, ეს მსმენელმა თავად უნდა გადაწყვიტოს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკრის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინის განცხადება კამალა ჰარისთან დაკავშირებით სერიოზული იყო თუ დამცინავი, ეს მსმენელმა თავად უნდა გადაწყვიტოს.
„როცა ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო საკითხებზე ეკითხებიან, კომენტარს აკეთებს. რაც შეეხება მის ტონს, უცხოეთში დაინტერესებულმა ადამიანებმა უნდა სცადონ ამის ინტერპრეტაცია“, – განაცხადა პესკოვმა.
პრესსპიკერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ინტერესში აშშ-ის შიდა საქმეები არ არის და რუსეთის კეთილდღეობითაა დაინტერესებული. თავის მხრივ თეთრ სახლში კი აღნიშნეს, რომ პუტინმა ამერიკის არჩევნებზე კომენტარების გაკეთება უნდა შეწყიტოს.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას“.