დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ რუსეთის მიზნების მისაღწევად
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ რუსეთის მიზნების მისაღწევად.
დიმიტრი პესკოვი ამგვარად გამოეხმაურა ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტი არაოფიციალური არხებით იძლევა გზავნილს, რომ მზადაა, უკრაინაში ცეცხლი შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გამართოს, არსებული ურთიერთშეხების ხაზის დაცვით.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ეს ინფორმაცია მან მიიღო ორი ყოფილი თანამდებობის პირისგან, რომლებიც დაახლოებული არიან კრემლთან, ასევე, ამერიკელი და საერთაშორისო მაღალჩინოსნებისგან, რომლებმაც პუტინის ემისრისგან მიიღეს გზავნილი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების დასაწყებად პუტინისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გამარჯვების გამოცხადება. ამასთან ერთად, გამოცემა წერს, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა „რუსეთის პრეტენზიები ოკუპირებული ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე, ზელენსკის ადმინისტრაციის ჩამოგდება, ასევე ის, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატო-ში, პუტინისთვის პრინციპულ მოთხოვნებს არ წარმოადგენს“.
„პუტინი ნამდვილად მზადაა, არსებულ პოზიციებზე გაჩერდეს, თუმცა უკან დახევას ის არ განიხილავს, არცერთი მეტრით“, – ამბობს ანონიმური წყარო „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბარში.
ამასთან ერთად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკული მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აშშ-ს არასდროს უწარმოებია მოლაპარაკება რუსეთთან უკრაინის სახელით და ვაშინგტონს ამის გაკეთების სურვილი არ აქვს.