დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს დასავლური აქტივების ნუსხა, რომელთა კონფისკაციასაც მოსკოვი დასავლეთის ანალოგიური ქმედების შემთხვევაში მოახდენს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს დასავლური აქტივების ნუსხა, რომელთა კონფისკაციასაც მოსკოვი დასავლეთის ანალოგიური ქმედების შემთხვევაში მოახდენს.
დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-მა მიმართა დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს, რათა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაცია მოხდეს.
„ჩვენ წინასწარ ვაანალიზებთ საპასუხო ზომებს. ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ყველაფერი საუკეთესოდ შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ინიციატივა უკანონოა და ის მსოფლიო ეკონომიკას გამოუთხრის ძირს.