დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია მწუხარებას იწვევს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მწუხარებას იწვევს.
როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ ევროპარლამენტის მოწოდებები მოსკოვის მწუხარებას იწვევს.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა.
„სამწუხაროდ, იქ საუბარი არ არის დიალოგის აუცილებლობაზე, არსებული პრობლემების, უთანხმოებების სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა არხებით მოლაპარაკებების გზით გადაჭრის აუცილებლობაზე“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
ევროპარლამენტმა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოსთან მიმართებით რუსეთის უკანონო ქმედებებზეც არის საუბარი.