დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსეთის ძალების გაყვანა ხერსონის ოლქის სტატუსს არ ცვლის
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსეთის ძალების გაყვანა ხერსონის ოლქის სტატუსს არ ცვლის.
„ეს არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი. ეს სტატუსი კანონმდებლობით არის განსაზღვრული და გამყარებული. აქ არ არის და ვერ იქნება რამე ცვლილება“, – განუცხადა პესკოვმა მედიას.
ამასთან, მან არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, როგორ აღიქვა ვლადიმერ პუტინმა გენერალ სუროვიკინის ანგარიში ხერსონში არსებული ვითარების შესახებ და სერგეი შოიგუს გადაწყვეტილება ქალაქიდან რუსი სამხედროების გაყვანის შესახებ.
„ეს იყო თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, ამიტომ გთხოვთ, მიმართოთ თავდაცვის სამინისტროს. მე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ თემაზე“, – აღნიშნა პესკოვმა.
პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ კრემლში ხერსონიდან უკან დახევა დამამცირებლად არ მიაჩნიათ.
ამასთან, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსი სამხედროების გადაყვანა 11 ნოემბრის 05:00 საათისთვის დასრულდა. ხერსონიდან ძალების გაყვანის შესახებ რუსეთის სამხედრო მეთაურობამ 9 ნოემბერს გამოაცხადა.
ხერსონი ერთადერთი საოლქო ცენტრი იყო, რომელიც რუსეთის ძალებმა უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ დაიკავეს.