დიმიტრი მედვედევმა მთავრობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე შესაძლო საპასუხო ზომების შემუშავება დაავალა
დიმიტრი მედვედევმა მთავრობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე შესაძლო საპასუხო ზომების შემუშავება დაავალა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე შესაძლო საპასუხო ზომების შემუშავება დაავალა. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა ვიცე-პრმეიერებთან შეხვედრაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრემიერმა აშშ-ის ახალ სანქციებს მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომებს მიმართოს.

„ვხედავთ აშკარა, მარტივ პრაგმატულ მიზანს- თავიანთი ეკონომიკური პრობლემების არაკონკურენტუნარიანი გზებით მოგვარებას. პოლიტიკურმა გარეკანმა – საუბრებმა ცუდ რუსებზე, რომლებიც უნდა დაისაჯონ, არ უნდა გადაფაროს ეკონომიკური არსი, რომელიც არსებული წესების მიუხედავად, მთელ მსოფლიოში ამერიკული კომერციული ინტერესების წინ წაწევაში მდგომარეობს. ეს გადაწყვეტილებები აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ მათ არალეგიტიმურად განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ საპასუხო ნაბიჯებს“, – განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქციები 38 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესდა. “შავ სიაში” მოხვდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი, „გაზპრომის“ ხემძღვანელი ალექსეი მილერი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, დეპუტატი და ბიზნესმენი სულეიმან კერიმოვი, რუსეთის დუმის წევრი მილიონერი ვლადისლავ რეზნიკი, ბიზნესმენები იგორ როტენბერგი, ოლეგ დერიპასკა და სხვა პირები.