დიმიტრი მედვედევი - საჭიროების შემთხვევაში რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი
საჭიროების შემთხვევაში რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ბოლო დროს დასავლეთში მთავარი თემა რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხეა და პოლიტიკოსები რუსეთს საშინელი შედეგებით ემუქრებიან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში.
„საჭიროების შემთხვევაში რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით ან თუ აგრესიის დროს გამოყენებული ჩვეულებრივი იარაღით საფრთხე შეექმნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას“, – წერს მედვედევი.
მისივე თქმით, რუსეთი არ დაუშვებს, რომ მსგავსი ტიპის იარაღი მის მეზობელ სახელმწიფოებში გაჩნდეს.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობელ სახელმწიფოებში არ გაჩნდეს ბირთვული იარაღი. მაგალითად, ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს უშუალოდ აკონტროლებენ ნატო-ს ქვეყნები“, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.