დიმიტრი მედვედევი - რუსეთისთვის აზრი არ აქვს პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას, ვიდრე ამ ქვეყნის ხელისუფლებაში რუსოფობები არიან
რუსეთისთვის აზრი არ აქვს პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას, ვიდრე ამ ქვეყნის ხელისუფლებაში რუსოფობები არიან, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. ეს სახელმწიფო ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს, ვიდრე ხელისუფლებაში რუსოფობები არიან. უკრაინა სავსეა პოლონელი დაქირავებული მებრძოლებით, რომლებიც დაუნდობლად უნდა განადგურდნენ, როგორც აყროლებულ ვირთხები“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
დიმიტრი მედვედევმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს დილით ვარშავის მერიის წარმომადგენლები, პოლიციის თანხლებით, რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში შევიდნენ.
საელჩოს წარმომადგენლის, ანდრეი ორდაშის თქმით, მერიის წარმომადგენლებმა აღწერა ჩაუტარეს ქონებას და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვების ვადა პოლონეთის დროით 19:00 საათამდე მისცეს.