დიმიტრი მედვედევი - პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი ყველაზე რთული გადაწყვეტილებები ომისა და მშვიდობის საკითხებს ეხებოდა
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს მოუწია, – ეს განცხადება მედვედევმა განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღია გაკვეთილის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან საუბრისას გააკეთა.
რუსეთის პრემიერის განმარტებით, ეს გადაწყვეტილებები ომსა და მშვიდობას ეხებოდა.
„ეს იყო ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიღებდი. ისინი ეხებოდა ომისა და მშვიდობის საკითხებს. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებებია: ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, უამრავი ეკონომიკური გადაწყვეტილება, რომლებსაც მე სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ვიღებდი“, – განაცხადა მედვედევმა.
ამასთან, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ბევრი რთული გადაწყვეტილება მიუღია და თითოეულმა მათგანმა მის სულზე გარკვეული კვალი დატოვა. მისი განცხადებით, მოგვიანებით „უბრუნდები და აანალიზებ, რა გააკეთე სწორად, რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვაგვარად“.
„უნდა შეარჩიო გადაწყვეტილება, რომელიც მოიტანს ყველაზე ნაკლებ ზიანს, ყველა ცუდ გადაწყვეტილებას შორის“, – აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2008 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე იკავებდა.