დიმიტრი ლორთქიფანიძე - ვითათბირებთ და გადავწყვეტთ, მივალთ თუ არა საღამოს პარლამენტთან
შეკრება კონსტიტუციური უფლებაა, როგორც ღია ცის ქვეშ, ისე დახურულ შენობაში, – ამის შესახებ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილემ, ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ორგანიზატორები მოითათბირებენ და გადაწყვეტენ, მივლენ თუ არა საღამოს პარლამენტთან.
„ვნახოთ. ჩვენ ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. დღეს ვითათბირებთ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. აქცია განეიტრალებულია. არსად არავინ შეზღუდული არ არის. შეკრება კონსტიტუციური უფლებაა, როგორც ღია ცის ქვეშ, ისე დახურულ შენობაში. ჩვენ ნებისმიერ სცენარს განვიხილავთ. კონტრაქციიდან დაწყებული საკუთარი ინიციატივით დასრულებული. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ეგონათ, რომ კონტრაქცია მათთან ჩვენ გვექნებოდა ჩასატარებელი, მაგრამ ისინი აღმოჩნდნენ ჩვენი კონტრაქცია“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. ამ დროისთვის პარლამენტთან ორივე აქცია დასრულებულია და ტერიტორიას ასუფთავებენ.
ამასთან, 19:00 საათზე დაგეგმილია ე.წ. ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც ორი კვირაზე მეტია პარლამენტის წინ ყოველ საღამოს იმართება, თუმცა, გუშინ იმის გამო, რომ პარლამენტის წინ გუშინ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა, ისინი პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ და შემდეგ აქცია ოკუპაციის მუზეუმის წინ გამართეს. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.