დიმიტრი ლორთქიფანიძე - უპრეცედენტო პროტესტი იქნება, ყალბი პერფორმანსების ცქერით საზოგადოება დაღლილია
უპრეცედენტო პროტესტი იქნება, ყალბი პერფორმანსების ცქერით საზოგადოება დაიღალა, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასა და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიულ კონტენტებს შეიცავს და მისი ჩვენება დაუშვებელია“.
„გასპარ ნოეს ფილმი „სიყვარული“ [love] ჩამოხსნეს აფიშებიდან თავის დროზე, რადგან მასში პორნოგრაფიული კონტენტი იყო. ჩვენ სამართალზე მაღლა ვერ დავდგებით. დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაურს იგივე განცდა აქვს, რაც მე, რომ არ უნდა დადგეს სამართალზე მაღლა. იგივე განცდა უნდა ჰქონდეს შალვა თადუმაძეს. ეს პორნოგრაფიული კონტენტი შეგვიძლია გათიშულ კამერებთან გიჩვენოთ. როდესაც ბავშვები ამ ფილმს ნახავენ, დაზარალდებიან, რადგან ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს. გადაიდოს ფილმის პრემიერა კინოსურათის დაექსპერტებამდე, მისი პორნოგრაფიული კონტენტის დასადგენად. პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ და დაგვეთანხმოს. ყველას მოვუწოდებ: მოდით აქციაზე, აქ არ არის ლაპარაკი ჯოხების, ქვებისა და ქამრების ქნევაზე“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პრესკონფერენციაზე.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.
ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შსს-ში კი განმარტავენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.