ბრიუსელში ვიზიტით მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. როგორც ბლინკენმა უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრისას განაცხადა, აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც განსაკუთებით მნიშვნელოვანია რუსეთის პროვოკაციული ქმედებების ფონზე.
მისი თქმით, ამჟამად დასავლეთი თვალს ადევნებს უკრაინის საზღვარზე რუსეთის ძალების უმსხვილეს კონცენტრაციას 2014 წლიდან, რაც შემაშფოთებელია აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის.
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინაში შექმნილ ვითარებას ნატო-ს წევრებთან და პარტნიორებთან განიხილავს.
თავის მხრივ დიმიტრი კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ძალების კონცენტრაცია ხდება არა მხოლოდ უკრაინის საზღვარზე, არამედ დემოკრატიული მსოფლიოს საზღვრის გასწვრივ. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში აშშ-ის მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელოვანია.
„დარწმუნებული ვარ, რომ რაც უკვე ითქვა საჯაროდ და დიპლომატიური არხებით რუსეთის მისამართით მისი აგრესიული ქმედებების საპასუხოდ იქნება მხარდაჭერილი ქმედებებით, რაც რუსეთისთვის მკაფიოს გახდის, რომ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მას ზედმეტად ძვირი დაუჯდება“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ.