დიმიტრი კულება - 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ უკრაინას და საქართველოს პირობა მისცა, გვჯერა, ალიანსი დაპირებებს ასრულებს
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ უკრაინას და საქართველოს პირობა მისცა. ჩვენ გვჯერა, რომ ალიანსი დაპირებებს ასრულებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ნატო-ს შტაბ-ბინაში იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას სჯერა, რომ ალიანსის ნდობა შეიძლება.
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ უკრაინას და საქართველოს პირობა მისცა. ჩვენ გვჯერა, რომ ალიანსი არის ინსტიტუტი, რომლის ნდობა შეიძლება და რომელიც დაპირებებს ასრულებს. ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დროის საკითხია. არ არსებობს სხვა კრიტერიუმები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს ეხება“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი და დაეხმარნენ უკრაინას, შეეჩერებინათ რუსეთი იქ, სადაც ახლა იმყოფება. მისი თქმით, მოსკოვის თავდაპირველი გეგმა უკრაინის შუაზე გახლეჩა იყო.
„ასე რომ როდესაც მეკითხებიან, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი, ჩემი პასუხია ის, რომ ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომია ყველა ინსტრუმენტი არა მხოლოდ რუსეთის ნაბიჯების პრევენციისთვის, არამედ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მის გასაყვანად. უკრაინა აღადგენს თავის სუვერენიტეტსა და შესაბამისად, ევროატლანტიკური რეგიონის ამ ნაწილში უსაფრთხოება გაძლიერდება“, – განაცხადა კულებამ.
შეგახსენებთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრების მიერ მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები.