დიმიტრი ხუნდაძემ ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა
დიმიტრი ხუნდაძემ ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა.

ცვლილებები ერთი მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შედის, მეორე მხრივ, „მავნე ზეგალენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან ეფექტიანი დაცვის ხელშეწყობა უნდა მოხდეს.

კერძოდ, ინტერნეტ მომხმარებელთა სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფა ონლაინ საფრთხეებისგან არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მექანიზმების თაობაზე.

„მომხმარებელს უფლება უნდა ჰქონდეს, მიიღოს ინფორმაცია არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ, შესაბამისად, წინამდებარე ცვლილებების შედეგად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ინფორმაციით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად დ ამ ჩარჩოში მის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან და იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ონლაინ სივრცეში ბავშვთა დაცვის ეროვნული სტრატეგიის სფეროში”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება „მავნე ზეგალენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტით განისაზღვრება არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტ სივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას, ან განვითარებას.

ცვლილებების მიხედვით, შესაბამისი პირების მიერ ხდება მშობლების, მეურვეების, პედაგოგებისა და მოზარდების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ინტერნეტ სივრცეში არსებული არასრულწლოვანთათვის ისეთი საფრთხეების თაობაზე, როგორიცაა პორნოგრაფია, “კიბერგრუმინგი“, ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვება მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, ასევე ბავშვის დაშინება ინტენეტით ყალბი ტრანზაქციები და ბავშვის პირადი ინფორმაციის უცხო პირების მიერ მოპოვება.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში ერთობლივად სახელმძღვანელო უნდა შეიმუშაონ, მშობლებისა და პედაგოგებისათვის ინტერნეტ სივრცეში არსებული რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისაგან დაცვის პრევენციის თაობაზე.