დიმიტრი ხუნდაძე - ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში სამედიცინო სექტორი მზად უნდა იყოს, რათა ყველას გაუწიოს მაღალკვალიფიციური დახმარება
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე შიდა ქართლის კლინიკებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
დიმიტრი ხუნდაძე ხაშურში, „გორმედის“ საავადმყოფოში განთავსებულ ცხელების ცენტრში მივიდა და ექიმებს გაესაუბრა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სტაციონარებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო შტაბში მიეწოდება, რის შემდეგაც გაიცემა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც სავალდებულო იქნება კლინიკებისთვის.
„ვირუსის გავრცელება თანდათან უფრო იმატებს, ამიტომ ჩვენი მზაობა უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხის. ვნახულობთ სტაციონარებს და ვამოწმებთ ინფრასტრუქტურას, თუ როგორაა მედპერსონალი გადამზადებული, როგორია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი. არის კლინიკები, სადაც მზაობა არის მაღალი ხარისხის, არის ისეთებიც, სადაც გვაქვს გარკვეული ხარვეზები და ჩვენ ვაკეთებთ მის იდენტიფიცირებას, ვაძლევთ რჩევებს. კლინიკები ვალდებულნი არიან, ეს რჩევები გაითვალისწინონ და ხარვეზები აღმოფხვრან. თუ ვერ მოახერხებენ, წინა ხაზიდან ჩაეხსნებიან. პაციენტების მოდინების შემთხვევაში, ანუ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, მზად უნდა იყოს სამედიცინო სექტორი, რათა ყველას გაუწიონ მაღალკვალიფიციური დახმარება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.