დიმიტრი ხუნდაძე - სოციალური დახმარების თემატიკით სპეკულირება არის უზნეობა და მოეშვით ამ უზნეობის წარმოებას
მსოფლიო უკვე ნახევარი წელია, პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს და რამდენი ხანი მოუწევს ამ რთული გამოწვევის წინაშე პირისპირ ყოფნა, არავინ იცის, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატს მიაჩნია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს, თუნდაც ეს იყოს არჩევნები.
მისივე თქმით, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს და ეს ასეც იქნება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მისი ჩატარება ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყოს, რათა არჩევნების შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას.
„ამ პერიოდში ჩვენ საკმაოდ ვიწრო გზაზე მოგვიწევს გავლა. საქართველოს თავისი გამორჩეული რისკები აქვს ვიდრე ეს შეიძლება სხვა ქვეყნებს ჰქონდეთ. მოსახლეობის 20 პროცენტი ხანდაზმულია და ბევრი მიზეზის გამო სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს. მშობლების თაობას გაფრთხილება სჭირდება და ამის პირდაპირი ვალდებულება გაგვაჩნია შვილების თაობას. რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები და სწორედ ამიტომ ანტიკრიზისული გეგმის და სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები პირველ რიგში სწორედ ისინი არიან. დღეიდან 200-ლარიანი დახმარება გაიცემა ბავშვებზე, რაც მნიშვნელოვანია კოვიდვითარებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველ პრობლემად რჩება. გუშინ ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნების ვალდებულების მოხსნას იმ შემთხვევაში, როცა ოჯახს დემოგრაფიული ცვლილების დროს ან საცხოვრებელი მისამართის შეცვლისას ეკისრება ვალდებულება, სოცმომსახურების სააგენტოში წარადგინოს განაცხადი, რასაც მრავალი მიზეზის გამო ბევრი ოჯახი ვერ აკეთებს ზოგჯერ არცოდნის, ზოგჯერ კი დაგვიანების გამო, შემდეგ უკვე იწყება სასამართლო წარმოებები და აღსრულებაზე გადაცემა თანხების დასაბრუნებად. ეს ეხება იმ პენსიონერებსაც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო (ერთ-ერთია საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებისას პენსიის მიღების ვალდებულების შეწყვეტა) აგვიანდებათ განაცხადის შევსება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია. აღნიშნული ვალდებულება მათ მოეხსნებათ და მიზნობრივ ჯგუფებს, რომელთა სოციალური მდგომარეობა მაინც სიახლოვესაა სიღარიბესთან, ეს თანხები დარჩებათ და არავინ ამ თანხების ამოღებას არ დაიწყებს. ოპოზიცია ამ დახმარებებით სპეკულირებს, თითქოს საარჩევნოდ კეთდება. ეს ასე არ არის. ჯერ კიდევ 2012 წელს შემოვიტანეთ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და დღემდე ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა სეგმენტი. მართლაც, ძალიან ბევრი პროგრამა 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.
„ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია და ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება და ზოგი არჩევნების შემდეგ. დახმარების გაცემის დროს არავითარი წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომი ვალდებულება არ არსებობს. ეს არის დახმარება იმ მიზნობრივი ჯგუფებისა, ვისაც ესაჭიროება, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და არა ისე, როგორც ჩვენამდე იყო. მინდა ყველას გთხოვოთ, მით უმეტეს, ამ პერიოდში – წინასაარჩევნოდ, როცა უფრო ჭარბად არის სოციალური თემატიკით სპეკულირება, ეს არის უზნეობა და მოეშვათ ამ უზნეობის წარმოებას. მივმართავ იმ პოზიციურ ჯგუფებს, რომელთაც ეს ხელეწიფებათ და რომელთაც სოციალური ჯგუფები გამოყენებული ჰქონდათ 2012 წლამდე, წინასაარჩევნოდ ხმათა სანაცვლოდ გაცემული დახმარებებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.