დიმიტრი ხუნდაძე - შეიმჩნევა, რომ ხელის ჩამორთმევით, ჩახუტება-გადაკოცნით მისალმება აღვადგინეთ, ყველას გთხოვთ, ისევ უსაფრთხოდ მივესალმოთ ერთმანეთს
სიცოცხლის დანაკარგი ბევრად ძვირია, ვიდრე 20 ლარი, რომელიც არის მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ხუნდაძის თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მოწყვლად ჯგუფებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ამ მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე.
ამასთან, ხუნდაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებმა ერთმანეთთან ხელის ჩამორთმევა-გადაკოცნით მისალმება ისევ დაიწყეს.
ხუნდაძე ყველას სთხოვს, დაუბრუნდნენ უფრო გულწრფელ და ამავე დროს უსაფრთხო მისალმებას.
„ასევე შესამჩნევია, რომ ძველი მისალმების წესი აღვადგინეთ, ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება – გადაკოცნით. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას გთხოვოთ, უფრო გულწრფელი და უსაფრთხო მისალმება დავიტოვოთ ისევ, ვიდრე საფრთხე შევუქმნათ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს“,- განაცხადა ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძემ ტურიზმთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ტურიზმის სექტორი, მისი მომხმარებელი, მიმღებიც ამაზე აკეთებს ძალიან დიდ მოლოდინებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ საზღვრების გახსნაზე, მით უმეტეს იმ გეოგრაფიულ რეალობაში, როცა ჩვენს სამეზობლოში საკმაოდ დაბინძურებულია ეპიდემიოლოგიურად არაერთი ქვეყანა და არა მხოლოდ სამეზობლო“,- განაცხადა ხუნდაძემ.