დიმიტრი ხუნდაძე - საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს
აბსოლუტურად განსხვავებული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, მთელი მსოფლიო. კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება პრაქტიკულად არავის ჰქონდა, მაგრამ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, რომელსაც აღიარებს მთელი მსოფლიო, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც პარლამენტისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართვა მოისმინეს ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
ხუნდაძის თქმით, საქართველოს ეს შედეგი აღიარეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, არაერთმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა „ამას არ აღიარებს არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მათი ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ახალი დადასტურებული შემთხვევა არის მხოლოდ და მხოლოდ სამი, ბოლო პერიოდში მხოლოდ ერთნიშნა ციფრი ფიქსირდება“.
„სულ დადასტურებულია 735 შემთხვევა, გარდაცვლილი, სამწუხაროა თითოეული, მაგრამ არის 12, აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ეს იყო სხვა ქვეყნებში, ინფექციის გავრცელებით 123-ე ადგილზე ვიმყოფებით, სიკვდილობით – 0,3%-ით 49 ქვეყანას შორის არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ეს იმ დროს, როცა პროგნოზები, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში კეთდებოდა საკმაოდ მძიმე, და იყო მოლოდინები, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა მიაღწევდა 5-7 ათას და გარდაცვალების პროცენტიც იქნებოდა განსხვავებულად მაღალი, ვიდრე ეს რეალურად იყო. ასეთ ვითარებაში, ჩვენი ოპონენტების კითხვები დღეს აბსოლუტურად არ იყო საქმიანი. ის ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ რამენაირად ის პოზიტიური მიღწევა – ასეთი რთული ვითარებიდან ასეთი მცირე დანაკარგებით გამოსვლის რომ გადაეფარათ და პოზიტივი სადღაც გადაემალათ. რა თქმა უნდა ეს არის მიღწეული საზოგადოებასთან ექიმებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, და ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი“ – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი შეფასებით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი კოლეგების ყველა კითხვა თავისი შინაარსით, ფაქტობრივად, იყო სპეკულაციური, რის დასადასტურებლადაც ცალკეული მაგალითები მოიყვანა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რაც შეეხება მეორე და მესამე ტალღას, ამის შესახებ პროგნოზები კეთდება, არის ვარაუდები, რომ შესაძლოა, ეს იყოს და სახელმწიფოც ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს.
„ამის პროგნოზს აკეთებს არა ქართული ოცნება, ამას აკეთებენ დარგის სპეციალისტები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, და სწორია როცა მთელი მსოფლიო იქცევა ფრთხილად. სასურველია რომ არ იყოს, მეც მაქვს მოლოდინი, რომ ალბათ არ იქნება, მაგრამ სახელმწიფო ამისათვის უნდა მოემზადოს. სხვანაირად არ შეიძლება, სწორედ ამისთვის იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი რომ შემოვიღეთ, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე მთავრობას ჰქონდეს საშუალება, მართოს კრიზისი, მაგრამ თქვენ აქ მახსოვს როგორ შეფარულად თუ ღიად გვიბიძგებდით, რომ საგანგებო მდგომარეობა დაგვეტოვებია“, – მიმართა მან ოპოზიციას.
მისი შეფასებით, აქაც ხაფანგი იყო დაგებული, ვინაიდან ოპოზიციას სურდა საგანგებო მდგომარეობაში აცხოვროს მმართველმა გუნდმა, ხელისუფლებამ საზოგადოება, რომ მათში გამოიწვიოს მეტი გაღიზიანება, მეტი უკმაყოფილება და ისევ ასეთ ნეგატიურ ტალღაზე თვითონ ჰპოვოს სარგებელი.
„სწორედ ამიტომ შემოვიღეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ის რეგულაციები, რომლებიც ნაკლები აკრძალვებით, მაგრამ სწორი მართვით შევძლებთ ამ კრიზისის ბოლომდე მიყვანას. მე მჯერა, რომ გადავიტანთ ვირუსის პანდემიასაც და საზოგადოებასთან ერთად მოვიხდით სახად პოლიტიკურ ინფექციასაც, რადგან ეს პოპულაციური იმუნიტეტი ამომრჩეველს უკვე გააჩნია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.