დიმიტრი ხუნდაძე - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხან კონსტიტუციას არღვევს, ხან კანონს, მორიგი შეცდომა იყო მისი გადაწყვეტილება, რომ ფარცხალაძეს არ ჩამოართვა მოქალაქეობა
სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი კერძო ვიზიტებს ახორციელებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ის უნდა იყოს უმთავრესი გარანტი ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვის, ამიტომ ასეთი ნაბიჯები მიუღებელია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე სამართლებრივი რეაქცია ჰქონდა.
„ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. როგორიც იქნება განხილვის პასუხი, იმის მიხედვით იქნება შეფასებებიცა და ქმედებებიც“, – განაცხადა ხუნდაძემ.
რაც შეეხება ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხს, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამ თემაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება მორიგი შეცდომაა.
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხან კონსტიტუციას არღვევს, ხან კანონს. ამ შემთხვევაში მორიგი შეცდომა იყო მისი გადაწყვეტილება, რომ ფარცხალაძეს არ ჩამოართვა მოქალაქეობა. ვფიქრობ, ეს შეცდომები მის რეპუტაციას აზიანებს. მთავარი არ არის მისი რეპუტაცია, ზიანი ვრცელდება სახელმწიფოზე, რაც მეტად სამწუხაროა. მოქალაქეობის შეწყვეტა იყო პრეზიდენტის პრეროგატივა.
პრეზიდენტს უნდა შეეწყვიტა მოქალაქეობა. ეს შეთავაზება იყო და მან ეს არ გააკეთა. ფარცხალაძე არ არის საინტერესო პიროვნება ქართული პოლიტიკისთვის და არც არასოდეს ყოფილა. მისი პროკურორობა იყო თვენახევრიანი. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ ვარ პოლიტიკაში, ის ფიზიკურად არც მინახავს, არავითარი ურთიერთობა და ნაცნობობა მასთან არ მაქვს. მისი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იმდენად მცირეხნიანია, რომ მისი არც ცნობადობა არის შესაბამისი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.