დიმიტრი ხუნდაძე - საკმარისზე მეტი დრო იყო, ჩვენს ოპონენტებს ნიკოფსიიდან ვაშინგტონამდე ერთი არგუმენტი მაინც მოეყვანათ და კანონის რუსულობა დაემტკიცებინათ, მაგრამ ვერ განმარტეს, რატომ? იმიტომ
გამჭვირვალობის კანონის პირველი დაინიცირებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა და დონორების მხრიდან კანონის გარეშე გამჭვირვალობის გაუმჯობესების დაპირების დარღვევამ მისი ხელახლა შემოტანა გახადა საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებამდე ცოტა დარჩა, მაგრამ კანონპროექტი უკვე მუშაობს.
„საკმარისზე მეტი დრო იყო, რათა ჩვენს ოპონენტებს ნიკოფსიიდან ვაშინგტონამდე ერთი არგუმენტი მაინც მოეყვანათ, რომ კანონის რუსულობა დაემტკიცებინათ და რაღაც განმარტება მაინც გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ განმარტეს. რატომ? იმიტომ! არც საზოგადოებას მისცეს მეტის ცოდნის საშუალება; „არ წაიკითხო და გააპროტესტეთო“. მორჩილებით შეპყრობილები დღემდე არ კითხულობენ და აპროტესტებენ, მხოლოდ არ იციან – რას და რისთვის. აი, ვისთვის – ეს კარგად იციან. კუბილიუსმა გვითხრა, ვენეციამ მოგვწერა და ბლინკენი დაგვემუქრაო.
პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავდამსხმელები თავისუფლებისთვის თავდადებულებად გამოაცხადეს. წინა ხაზზე მებრძოლი ორი ამერიკელი, ერთი რუსი და ერთიც მოლდოველი ვითომ საქართველოს სუვერენიტეტს სამართალდამცველებისგან „იცავდა“ და უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ანტისამთავრობო მიტინგიდან ამაყად გამოდიოდნენ და აქეზებდნენ ქართველ ახალგაზრდებს – „უკრაინაში ასე ვქენით და მაიდანი გამოგვივიდაო“.
გამჭვირვალობის კანონმა ორი ინიცირება, სამი საკომიტეტო მოსმენა და სამი სასესიო განხილვა გაიარა. მის ამოქმედებამდე ცოტა დარჩა, მაგრამ კანონპროექტი უკვე მუშაობს. საზოგადოებისთვის ყველა ხილული გახდა – მტერიც და მოყვარეც, მცოდნეც და უცოდინარიც, მკითხველიც და უკითხავიც, მშვიდობის მოყვარულიც და ომის მოსურნეც. იყო თავდასხმები, შეურაცხყოფაც, ბულინგიც, შვილებისა და მშობლების მტრად გადაკიდების მცდელობაც. რატომ? იმიტომ! პრემიერსაც კი დაემუქრნენ, მაგრამ მიუხედავად ამდენი ზეწოლისა, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს არაფერი გამოუვიდათ – საქართველოს პარლამენტმა ქართული კანონი სამი მოსმენით დაამტკიცა“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა,პრეზიდენტის ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა დაძლევს და მისი თქმით, დღეს მიღებული ქართული გადაწყვეტილებით ხალხს ბევრად მეტი სიმართლე ეცოდინება, ვიდრე იცოდა აქამდე.
„ბრაზმორეულმა დამკვეთებმა პრეზიდენტი იხმეს, რომელმაც კანონს ვეტო ვენეციის კომისიის დასკვნამდე დაადო, ხოლო არგუმენტად სწორედ ეს, მერე დაწერილი დასკვნა წარმოადგინა, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რეპუტაცია ემსხვერპლა. რატომ? იმიტომ! ამ ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა დაძლევს. რატომ? იმიტომ, რომ ის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას, ომის თავიდან აცილებას, მშვიდობის უზრუნველყოფას, სტაბილურ განვითარებას და რწმენის გადარჩენას სჭირდება. რამდენიმე დღეა, პარტნიორებმა შემოგვითვალეს, თუ სუვერენიტეტს არ დათმობთ, საზოგადოებას სიმართლეს ეტყვით, ერისა და ბერის ერთობას თავს არ დაანებებთ, დაგასანქცირებთო. თუ დამორჩილდებით, მაშინ ფულს მოგცემთ, ვიზებს და თვითმფრინავის ბილეთებსო. ეს რომ გავიგე, გათენებას ველოდი, რომ მეთქვა – სამშობლო არ იყიდება-მეთქი. ჩვენი წინაპრები რომ ასე მოქცეულიყვნენ, 3 000-წლიანი ისტორია არ გვექნებოდა. როგორც ვიცი, ასე ფიქრობს მმართველ გუნდში უკლებლივ ყველა. ოპოზიციას თუ ვიზა, ბილეთები და ფული ურჩევნია, საზოგადოება ნუ იდარდებს, ისინი, საბედნიეროდ, ცოტანი არიან და გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან.
დღეს მიღებული ქართული გადაწყვეტილებით ხალხს ბევრად მეტი სიმართლე ეცოდინება, ვიდრე იცოდა აქამდე. აგენტურას კი ნაკლები შესაძლებლობა ექნება, რომ ქვეყანა სხვის ინტერესებს ანაცვალოს. ახალგაზრდებს კი, ვინც შეცდომაშია შეყვანილი და ჰგონია, რომ საკუთარ ენერგიას სამშობლოსათვის ხარჯავს, მინდა, ვთხოვო, რომ საკუთარ გულწრფელობას ფუჭად ნურც თქვენ გახარჯავთ და ნურც სხვას გამოაყენებინებთ. რთულია ვითარება მსოფლიოში და განსაკუთრებით ცეცხლსაშიშია ჩვენი რეგიონი. დღეს ომის მსურველები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მშვიდობის მომხრენი და საქართველოსაც ცეცხლში ექაჩებიან. ჩვენ კი თქვენი სიცოცხლე ომში დასასრულებლად არ გვემეტება და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამას და ვითმენთ ამდენს. მშვიდობა თქვენ და მშვიდობა სრულიად საქართველოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.