დიმიტრი ხუნდაძე - სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ვაქცინაციის პროცესში მედპერსონალის პარტნიორული როლი გაზარდოს
დიმიტრი ხუნდაძე – სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ვაქცინაციის პროცესში მედპერსონალის პარტნიორული როლი გაზარდოს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ეტაპობრივად იზრდება. ამასთან, როგორც ხუნდაძე აცხადებს, თითოეული მოქალაქე ვაქცინაციით ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, ქვეყნის ინტერესებსა და მის უსაფრთხოებას იცავს.
„ქვეყანა ვაქცინაციის ტემპს ნელ-ნელა, ეტაპობრივად ზრდის. მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, პროცესი იხვეწება. სხვადასხვა მწარმოებელთან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ვაქცინის იმპორტის გაზრდის მიზნით, თუმცა მათი საერთაშორისო აღიარება უცვლელ პირობად უნდა დარჩეს მისი გამოყენებისთვის ისევე, როგორც მოქალაქეების ვაქცინაცია უნდა მოხდეს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც შესაბამისი რეანიმაციული მომსახურების შესაძლებლობები არსებობს.
ვაქცინაციის გეგმის მიხედვით დასახელდა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის ჩართულობაც. ვფიქრობ, ამ ჩამონათვალს რეზიდენტებიც უნდა დაემატონ, რადგან ეპიდვითარების შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, მათი აუცილებელი მონაწილეობის დროს, მათსავე ჯანმრთელობას წინსწრებად დავაზღვევთ. მნიშვნელოვანი და აუცილებელია საინფორმაციო- საგანმანათლებლო კამპანიის მეტად გააქტიურება, რაც ვაქცინებისადმი ნდობას გაზრდის. თუმცა მედპერსონალის, როგორც პროცესის მთავარი პარტნიორების, აქტიური ჩართულობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა რთული იქნება. არადა, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინებისადმი სანდოობის გაზრდისთვის მათაც მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. მით უმეტეს, როცა საზოგადოების 74 პროცენტი ყველაზე სანდო ინფორმაციის მიმწოდებლად, სრულიად ლოგიკურად, სწორედ მათ მიიჩნევს. დღეს ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ის პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე გადის. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული მოქალაქე ვაქცინაციით და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით ქვეყნის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას იცავს. არადა ჩვენი ქვეყნის ისტორიას თუ გადავხედავთ, მათ შორის უახლესსაც, ამის კეთება პირიქით, სიცოცხლის დათმობის ფასად უწევდათ გმირებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.