დიმიტრი ხუნდაძე - სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ქაოსურ სიტუაციას, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში მივიდა. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ადამიანმა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და პირად ამბიციებზე უარი თქვას.
„ყველას უნდა ჰქონდეს ერთი ინტერესი – ეს არის სახელმწიფო ინტერესი და პირად ამბიციებზე უარი უნდა ვთქვათ. გაცხადებულია, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის არ შეიცვლება, ის დარჩება შერეული სისტემით. ყველამ კონსტრუქციულობისკენ უნდა მოვუწოდოთ ერთმანეთს და საკუთარი პასუხისმგებლობა მაღალ რანგში ავიყვანოთ, მოვემზადოთ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ხუნდაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს, ხუნდაძე ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის კანონის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს.
„სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ამავე დროს სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლებრივი წესრიგი უნდა შენარჩუნდეს. თუ ეს ირღვევა, კანონი უნდა კანონობდეს და კანონობს კიდეც. სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც ეს ეხებათ, ვალდებულნი არიან, კანონი დაიცვან“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
აქვე, დეპუტატმა განმარტა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ქაოსურ სიტუაციას, რასაც ხელისუფლება, მმართველი გუნდი არ დაუშვებს. კანონის წინაშე ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ქმედებებზე. მე არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც ხდება. წინახაზის პასუხისმგებლობა მე ავიღე, როცა კანონი ჩავარდა. მაშინ ვთქვი, რომ სჯობს დღევანდელი, მცირედი რყევები გუნდში, რაც მოსალოდნელი იყო, ასევე, გარკვეული ხმაური ქუჩაში, ვიდრე ის, რომ 2020 წლის შემდეგ მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის, უფრო დიდი მასშტაბის დესტაბილიზაცია და სახელმწიფო პოლიტიკური კრიზისის წინაშე დადგეს“, – განაცხად ხუნდაძემ.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი, მანამდე კი, პარლამენტის ბიურო უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას, სხდომა ჩაატარონ.