დიმიტრი ხუნდაძე - საარჩევნო სისტემაზე კომპრომისი არ იქნება, კრიზისს ქმნის დაახლოებით 20 ადამიანი, გამორიცხულია, მათ ჭკუაზე იაროს ქვეყანამ
დიმიტრი ხუნდაძე - საარჩევნო სისტემაზე კომპრომისი არ იქნება, კრიზისს ქმნის დაახლოებით 20 ადამიანი, გამორიცხულია, მათ ჭკუაზე იაროს ქვეყანამ

ვერანაირი კომპრომისი აქ ვერ იქნება, საარჩევნო სისტემა დარჩება ის, რაც არის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, სტრესული სიტუაცია უნდა იყოს მოხსნილი.

„შესაძლოა, სიმშვიდეზე ვთანხმდებოდეთ, რომ ქვეყანა მშვიდად ცხოვრობდეს და ეს სტრესული სიტუაცია იქნას მოხსნილი, მაგრამ კომპრომისი გამორიცხულია, დაუშვებელია. არავითარი კრიზისი არ არსებობს, კრიზისს ქმნის დაახლოებით 20 ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრებით და ძალიან მცირე მომხრეებით. ეს დაუშვებელია, რომ მათ ჭკუაზე იაროს ქვეყანამ, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა დეპუტატმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება.

ამასთან, მისი თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ დესტრუქციული ძალა არჩევნებისთვის მოემზადოს და შეწყვიტოს დესტრუქციაზე ფიქრი.

„გამოსავალი არის ერთადერთი – დესტრუქციულმა ძალამ დაანებოს დესტრუქციაზე ფიქრს თავი და იზრუნოს არჩევნებში მონაწილეობაზე, თუ უნდათ მონაწილეობა. თუ არ სურთ, შეუძლიათ დარჩნენ არჩევნების გარეშეც“, – განაცხადა ხუნდაძემ.