დიმიტრი ხუნდაძე - საარჩევნო შედეგი ვერ იქნება იმგვარი, რომ რადიკალურმა ფრთამ, თუნდაც გლობალური ომის პარტიის მხარდაჭერით, ქვეყანაში არჩევნები მოიგოს
ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანად რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო პანელზე დგას პრეზიდენტი თავისი სასახლიდან და მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“, მათი პანელზე დგომა და ამ ორიდან ერთ-ერთის ლიდერობა გლობალური ომის პარტიასაც აწყობს და არის არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე მხარდაჭერაც მათ მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, გარე ძალები ეხმარებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, რამენაირად იმდენი ხმა მაინც მოაგროვონ, რამე წარმომადგენლობა ჰქონდეთ პარლამენტში.
„შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს, ეს დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ორიდან ერთი რომელი იქნება. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ლიდერად შეირჩა სალომე ზურაბიშვილი, მაშინ, ვფიქრობ, ის მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, იმიტომ, რომ ეს ამომრჩევლისთვის იქნება ძალიან მძიმე და ვერ გაუკეთებს მობილიზებას ამომრჩეველს, მას ისედაც უჭირს ამის გაკეთება, მაგრამ თუ გადაწყდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, მაშინ სალომე ზურაბიშვილი შეეცდება, რომ გარე დაკვეთა შეასრულოს, შიდა „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ფრთის სურვილებიც აღასრულოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში ვერ იქნება საარჩევნო შედეგი იმგვარი, რომ რადიკალურმა ფრთამ, თუნდაც გლობალური ომის პარტიის მხარდაჭერით და ასეთი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არჩევნები მოიგოს, რადგან საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგად იცნობს. გარე ძალები, გლობალური ომის პარტიის კონკრეტული წარმომადგენლები სულს უბერავენ გონებამიხდილ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ფრთას, რომ რამენაირად მიეხმარონ მას, იმდენი მაინც მოაგროვონ, რამე წარმომადგენლობა ჰქონდეთ პარლამენტში“, – განაცხადა ხუნდაძემ.