დიმიტრი ხუნდაძე - რუსეთი ოკუპანტია და საქართველო მისგან არის დასაცავი, თუმცა საფრთხე ერთი მხრიდან არ მოდის, ჩვენ ყველა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან მოვახერხებთ დაცვას
დიმიტრი ხუნდაძე - რუსეთი ოკუპანტია და საქართველო მისგან არის დასაცავი, თუმცა საფრთხე ერთი მხრიდან არ მოდის, ჩვენ ყველა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან მოვახერხებთ დაცვას

საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და დაფიქსირდა, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთი ოკუპანტია და საქართველო სწორედ მისგან არის დასაცავი როგორც ფიზიკურად, ასევე სამართლებრივად, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამავდროულად, ხუნდაძე ამბობს, რომ საფრთხე ერთი მხრიდან არ მომდინარეობს და იქნება ეს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე, ყველა საფრთხისგან მოახერხებენ დაცვას.

„ქვეყნის ინტერესების დაცვის ვალდებულება მხოლოდ ცალმხრივი არ არის, რომ ვთქვათ, მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ ვიყოთ ასეთი პრინციპული, ან ჩრდილოეთის და სამხრეთის. ამ შემთხვევაში, რუსეთისგან ქვეყანა დასაცავია და საერთაშორისო სასამართლოებში პროცესები მოსაგებია. საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და დაფიქსირდა, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთი ოკუპანტია და საქართველო სწორედ მისგან არის დასაცავი როგორც ფიზიკურად, ასევე სამართლებრივად. თუმცა საფრთხე ერთი მხრიდან არ მოდის, ჩვენ ყველა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვას მოვახერხებთ, იქნება ეს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ რუსეთიდან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.