დიმიტრი ხუნდაძე - როცა საზოგადოებას არ აქვს სწორი ინფორმაცია, ხან ერთ ფეხზე დააყენებენ, ხან მეორეზე, ჩვენ თუ მივუშვით ეს პროცესები, შესაძლოა, ფეხები მოკვეთონ კიდეც
დიმიტრი ხუნდაძე - როცა საზოგადოებას არ აქვს სწორი ინფორმაცია, ხან ერთ ფეხზე დააყენებენ, ხან მეორეზე, ჩვენ თუ მივუშვით ეს პროცესები, შესაძლოა, ფეხები მოკვეთონ კიდეც

ჩვენც ვადასტურებთ, რომ საზოგადოების აზრი არის უცვლელი, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ თავაწეული, ორ ფეხზე მდგარი, ღირსეულად და არა ისე, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ცალი ფეხით და რაღაცა რყევით, რევოლუციური გზებით უნდა მივაღწიოთ მთავარ მიზანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, „ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ ნახა ყველამ ოპოზიციის უმრავლესობის რეალური სახე – ისტერია, დესტრუქცია, შანტაჟი, ტყუილი და უსაფუძვლო იარლიყების მიწებება“.

„ჩვენ შემოვიტანეთ კანონპროექტი, რომელიც ემსახურება, უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობას, რაში იხარჯება ქვეყნის გარედან შემოტანილი ფული. ოპოზიცია თავიდანვე შეთანხმდა, თვითონაც გააჟღერეს და მათ ქმედებებშიც ჩანდა, რომ ისინი არ აპირებენ შინაარსში შემოსვლას, აპირებდნენ მხოლოდ ხმაურს. ეს იმიტომ, რომ საზოგადოებას არ მიეღო ის ინფორმაცია, რაზეც ჩვენ კანონპროექტის განხილვის დროს ვგეგმავდით საუბარს. საკითხი არის, უნდა იცოდეს თუ არა ამ ფულის მიზნობრიობა, მისამართი და ძირითადი მიზანი, რისთვის უნდა იყოს ის გამოყენებული. ოპოზიცია ამბობს, რომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ ეს და თუ მას ეს აინტერესებს უნდა მიაკითხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან ფინანსთა სამინისტროს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ფული, რომელიც ხშირად მათ მომავალს განსაზღვრავს.

„ჩვენი დამოკიდებულება და უმრავლესობის პოზიციაც არის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ფული, რომელიც ხშირად მათ მომავალს განსაზღვრავს. საზოგადოების ინფორმირებულობა ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ქვეყნის სტაბილურობის საქმეში. ამის მაგალითები არაერთი ვნახეთ, როგორც წარსულში, ისე ახლა. გახსოვთ ალბათ მთავარ პოლიტიკურ პროსპექტზე შეკრებილი ხალხი, თურმე ემოცია უნდა ავიდეს პიკში, გადაიზარდოს რევოლუციურ ძალად და უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. არასამთავრობო სექტორთა მდიდარი ნაწილი შეხტა სცენაზე და შესთავაზა საზოგადოებას მხარდაჭერა, რომ ჩამოეყალიბებინათ ტექნიკური მთავრობა, შეეცვალათ ხელისუფლება. განავითარეს ნარატივი, თითქოს საზოგადოება სხვაა და ხელისუფლება – სხვა. საზოგადოება და ხელისუფლება არის ერთად, ოპოზიცია კი არის სხვა საზოგადოებასთან მიმართებაში. ემოციებზე ნადირობა გააქტიურდა, უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობების ფანჯარა, ანუ უნდა აგვესხა იარაღი და შევვარდნილიყავით აფხაზეთში. სანქციების არშეერთებას თურმე სჯობდა ცხელი ბომბების ცვენა. ალბათ გახსოვთ ჰაკერმანის, ფედერჩუკის გაკვეთილები, რომელიც ასევე რევოლუციური სცენარების განვითარებას ემსახურებოდა. როცა საზოგადოებას არ აქვს სწორი ინფორმაცია, მას ხან გარედან, ხან შიგნიდან ხან ერთ ფეხზე დააყენებენ, ხან მეორეზე, თუ ჩვენ მივუშვით ეს პროცესები, შესაძლოა, ფეხები მოკვეთონ კიდეც. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ცალფეხზე მდგარ საზოგადოებას და კოჭლ სუვერენიტეტს“, – განაცხადა ხუნდაძემ.