დიმიტრი ხუნდაძე - პირველი ტური დასრულდება გეგა შენგელიასა და „ქართული ოცნების“ გამარჯვებით
პირველი ტური დასრულდება გეგა შენგელიასა და „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზუგდიდში მეორე ტური არ გაიმართება.
„მეორე ტური რომ არ იქნება, ვადასტურებ. ამის თქმის საფუძველი ნამდვილად არსებობს. უბნების უმეტესობა შემოსულია და პრაქტიკულად, უმრავლესობაში ფიქსირდება გეგა შენგელიას გამარჯვება. ვფიქრობ, საბოლოო შედეგს მაინც უნდა დაველოდოთ, ბოლომდე დავითვალოთ შემოსული ხმები. ვფიქრობ, აღიარებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. პირველი ტური დასრულდება გეგა შენგელიას და „ქართული ოცნების“ გამარჯვებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ზუგდიდში პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა. მისი თქმით, ზუგდიდის ოლქში 107 უბნიდან დათვლილია 88 უბნის შედეგები და ამ უბნების მონაცემებით, 54,08 პროცენტი ეკუთვნის გიორგი შენგელიას.