დიმიტრი ხუნდაძე - პირველი მოსმენით მიღებისთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება
დიმიტრი ხუნდაძე - პირველი მოსმენით მიღებისთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება

პირველი მოსმენით მიღებისთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

„„ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა გავმართეთ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით. გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შეხვედრაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

უახლოეს დღეებში გაიმართება როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტის საკომიტეტო და პლენარული განხილვები, რის შემდეგაც პირველი მოსმენით მხარს დავუჭერთ ორივე კანონპროექტს. პირველი მოსმენის მიღებამდე, კანონპროექტის ქართულ ვარიანტში შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება, რომლითაც დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე. მაგალითისთვის, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა, კანონი სამი მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე  მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას. „ქართული ოცნების“ ლიდერები სრულად იზიარებენ მოსაზრებას, რომ უცხოური გავლენების აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობა არის აუცილებელი პირობა სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისა და დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ისე ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.