დიმიტრი ხუნდაძე - პენსიის გასაზრდელად მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, საჭიროა რეალური ფინანსური შესაძლებლობები
პენისების გასაზრდელად მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი და ამას რეალური ფინანსური შესაძლებლობები სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2019 წელს 20 ლარით გაიზრდება ასაკობრივ პენსიონერთა პენსიები. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აქ გასათვალისწინებელია ლარის კურსის საკითხიც, თუმცა პენსიის არც პირდაპირ დოლარზე დაანგარიშება შეიძლება.
„ვფიქრობ ეს არის არასწორი, როდესაც პენსიას პირდაპირ პროპორციულად ვანგარიშობთ დოლარზე. ალბათ, უმჯობესია, ვიანგარიშოთ მსყიდველობითუნარზე” – განაცხადა ხუნდაძემ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბევრი გაკეთდა და წარმატებებიც არის, თუმცა, მეტია გასაკეთებელი.
„ჩვენ მაინც ვერ ვისაუბრებთ უზომო წარმატებებზე და ვერ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რადგან ქვეყანაში არის უამრავი სოციალურად დაუცველი, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, დევნილთა რაოდენობა 2008 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ლარის კურსი დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს და მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე.
როცა პენსიებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერების პროცესი, ხანდაზმულთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნეგატიური პროცესი, ეს არის დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი პროცესი, მაგრამ ამას სჭირდება სწორი მართვა. საყურადღებოა, ამ მხრივ 2030 წლისათვის მოლოდინიც, ასაკით პენსიონერთა რიცხვი შესაძლოა, მილიონამდე გაიზარდოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ყოველივე ამას სწორი გათვლა და გაანგარიშება სჭირდება.
„ამას სჭირდება სწორი დათვლა, სწორი გათვლა და არა მხოლოდ პიარზე მორგებული ესტაფეტა გავმართოთ წინასაარჩევნოდ თუ არჩვენების შემდეგ, რომ საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ვნახოთ და ვაცხადოთ პენსიები 400, 500, 800 თუ 1000 ლარი. მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, ამას სჭირდება რეალური საფინანსო შესაძლებლობები“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.