ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის ქუჩაში გადატანა უნდა, რომ ეს გახდეს ხელისუფლებაში დაბრუნების საბაბი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო დგას ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე, რასაც ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ხელს უშლის. ხუნდაძის განცხადებით, „ოპოზიციის ინტერესში არის არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ არმიღება“.
„ხედავთ, რომ საქართველო დგას ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე. განაცხადი გავაკეთეთ უფრო ადრე, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი, 2024 წელს. რაც ახლა ხდება, რომ ჩვენ ვცდილობთ, კომუნიკაცია იყოს აქტიური და საგარეო საქმეთა მინისტრი ახლაც იმყოფება ევროსაბჭოში, ბრიუსელში, მთელი გუნდი ყველა მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ასევე ხედავთ, რომ მუშაობს ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, ყველას ვერ დავდებ ბრალს. ის მუშაობს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. მათი მიზანია, ქუჩაში გადაიტანონ პროცესი. მამულაშვილი ჩქარობს და გარბის უკვე ქუჩისკენ და ქუჩაში საჭიროა ახალი თემის წამოწევა, რადგან ძველი არც ერთი არ გამოდგა, არც მიხეილ სააკაშვილის, არც ვთქვათ გაყალბებული არჩევნების, ახლა ეს საკითხი უნდათ, რომ გადაიტანონ ქუჩაში და ეს გახდეს საბაბი ხელისუფლებაში დაბრუნების. ამას მათი მუდმივი მხარდამჭერი „ევროპის სახალხო პარტია“ აკეთებს, მაგრამ ეს არა მხოლოდ ასეთ ნეგატიურ კონტექსტში პოლიტიკური მხარდაჭერაა ზოგადი საკითხის ზიანის მიმართულებით, არამედ ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, ზოგადად დემოკრატიის, რადგან როდესაც დემოკრატიის შუქურად ასაღებენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, როცა იყო საზოგადოების წამება, გაუპატიურება, ბიზნესების გადაფორმება, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, სწორედ ამიტომ აკეთებს საზოგადოება ასეთ არჩევანს. არაერთხელ, ყველა არჩევნების შემთხვევაში, საზოგადოების მყარი გადაწყვეტილება იყო და „ევროპის სახალხო პარტია“ ამას აკრიტიკებს. ეს არის მათი მხრიდან შიდასახელმწიფოებრიობის საქმეებში ჩარევა და მით უმეტეს, საზოგადოების შეურაცხყოფა. ის იწუნებს საზოგადოების გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მის სავარძელს თავისუფალს ტოვებს და ასევე ნიკა გვარამიას ტელევიზიის, მედიასივრცის უმაღლეს დემოკრატად წარმოაჩენს.
რატომ გვინდა ჩვენ ევროპაში შესვლა, რადგან საზოგადოების თითოეული წევრისთვის მიმზიდველია ის, რომ ევროპაში არის კანონის უზენაესობა. იქ თუ საზღვარს ვინმე არღვევს და ასე შემდეგ, არ ეგუებიან, იქ მოქმედებს კანონი ყველას მიმართ, გვარის, სახელისა და თანამდებობის მიუხედავად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მიმზიდველია ჩვენთვის ევროპა, რადგან იქ კანონი კანონობს. იქ არის თანასწორუფლებიანობა, უფროს-უმცროსობის ტონში ერთმანეთს არ ესაუბრებიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, „ზიანის მოტანა უფრო მარტივია, ვიდრე შედეგის დადგომა“. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს იქნება ევროკავშირის არასწორი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ სტატუსის მისაღებად საქართველომ ყველაფერი გააკეთა.
„ევროკავშირი თუ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება მისი არასწორი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება თუ არ იქნება მიღებული ქვეყნის, ასევე ევროკავშირის სასარგებლოდ, მაშინ საზოგადოებამ შესაძლოა, ეს მიიღოს როგორც დასჯა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში რუსეთსა და უკრაინას შორის. საქართველომ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა ადამიანის უფლებების დაცვით და სხვა ძალიან ბევრი მიმართულებით. შევადაროთ მაშინ და არგუმენტებიც მივიღოთ, რატომ არა, რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ ამ ეტაპზე საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, პოლარიზაციის მაღალ ხარისხს, მით უმეტეს ახლა, რაც კიდევ უფრო მეტად საზიანოა ქვეყნისთვის, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის დესტრუქციული ნაწილი აწარმოებს, რომელიც ვერ შეეგუა 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებას დათმობას. ხუნდაძის განცხადებით, მათთვის არ არის მთავარი ქვეყნის მომავალი, არამედ მთავარია, ნებისმიერი გზით დაიბრუნონ ხელისუფლება.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წამგებიანია, რადგან მათი დესტრუქცია აბსოლუტურად ჩაიფუშება.
„მათ თემა აღარ რჩებათ ქუჩაში გამოსვლის, რისთვისაც ნაადრევად, წინმსწრებად გარბის მამულაშვილი, ერთმანეთსაც მოუწოდებენ, გავიდნენ ქუჩაში. ისინი ხომ ყოველთვის ქუჩისკენ მიიწევენ. ეს მათთვის დარჩა ბოლო თემა. რა თქმა უნდა, ეს მათ ინტერესშია, არა სტატუსის მიღება, არამედ არმიღება. ხელისუფლებას სტატუსის არმიღება არავითარ სარგებელს არ აძლევს, რადგან ის არის პასუხისმგებელი და ასეთ შემთხვევაში, მას ეს პოზიტივად არ ჩაეთვლება. ასეთი გადაწყვეტილება საშუალება იქნება ოპოზიციისთვის, რომ გაეზარდოთ დესტრუქციის, არეულობის და ამ გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი. ხელისუფლება ზრუნავს ქვეყნისა და საზოგადოების ხვალინდელ დღეზე, ხოლო ოპოზიცია ზრუნავს, შექმნას კიდევ ერთი შანსი არეულობის და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლის, რაც მიუღწეველი იქნება, ამას არავინ დაუშვებს, თუნდაც ამ ეტაპზე ვერ დადგეს ის შედეგი, რაც საზოგადოებას და ხელისუფლებას სურს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.