დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციამ უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი, იმდენად არიან დაბრმავებული ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, რომ საკუთარ ზრახვებს ვეღარ მალავენ
პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რეზოლუცია, რომლის „ევრონესტის“ ასამბლეაზე ინიცირებასაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი არ მოაწერეს, უმნიშვნელოვანესი იყო.
როგორც ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რეზოლუცია მიზნად ისახავდა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხის მხარდასაჭერად.
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რადიკალური ოპოზიციიდან საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს. საინტერსო ის არის, რომ რეზოლუცია მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხის მხარდასაჭერად. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში ჩვენ კონკრეტული ფაქტებით ბევრჯერ ვამხილეთ ოპოზიცია, როგორ იბრძოდნენ საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ. დღეს კიდევ ერთი ფაქტი ვიხილეთ და ალბათ მომავალშიც ბევრს ვიხილავთ, რადგან ოპოზიცია თავის რეალურ სახეს უფრო აშკარად გამოაჩენს. იმდენად არიან დაბრმავებულნი ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, რომ საკუთარ ზრახვებს ვეღარ მალავენ. როგორც საქართველოს ევროპული გზა, ასევე, ქართული ოპოზიციის დეგრადირება და პოლიტიკიდან ჩამოშორება, შეუქცევადი პროცესია. ერთიც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა და მეორესაც ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს ოქტომბრის არჩევნებში“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.
რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.